"ოპერაცია ინფექცია" - დღეს და გუშინ

"
რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც მედიის საშუალებით „არასანდო ინფორმაციის" გავრცელების აკრძალვას ისახავს მიზნად. დიახ, ეს ნამდვილად რუსეთია, ბედის ირონიით, სწორედ ის რუსეთი, რომლის ხელისუფლებაც საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული-დღემდე არათუ ავრცელებს, არამედ ისტორიულად თვითონ ქმნის დეზინფორმაციას და იყენებს მას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებსაც იდეოლოგიურად უპირისპირდება.
ბოლო დეზინფორმაცია, რომელიც რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით გაავრცელა,
რიჩარდ ლუგარის სახელობის მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას უკავშირდება
ლაბორატორიის დაარსების დღიდან რუსი პოლიტიკოსები, რუსული მედია და მათთან დაკავშირებული ეთნო-ნაციონალისტური ქართული საინფორმაციო საშუალებები კვლევით ცენტრს ბიოლოგიური იარაღის დამზადებაში სდებენ ბრალს. ბოლო პერიოდში, ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგო პროპაგანდას რუსი მაღალჩინოსნების გარდა, თვით ვლადიმერ პუტინიც შეუერთდა. 18 ოქტომბერს სოჭში „ვალდაის" კლუბის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა:
ახლანდელი რუსული სპეცსამსახურები საინფორმაციო ომის არა პირველაღმომჩენნი, არამედ კგბ-ს საქმეების ერთგული გამგრძელებლები არიან
თომას ბოგარდის კვლევა AIDS-Made in the USA
ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის თომას ბოგარდის კვლევის მიხედვით, რუსული სადაზვერო სამსახურების მიერ განხორციელებული დეზინფორმაციული ოპერაციების მიზანი საერთო საზოგადოებრივ აზრსა და განწყობებზე გავლენის მოხდენა იყო. „აქტიური ღონისძიებები", მოიაზრებდა მანიპულაციებს მედიის საშუალებით, წერილობით და ზეპირ აგიტაციას, რომელიც ხორციელდებოდა კომუნისტური პარტიისა და მასთან დაქვემდებარებული ორგანიზაციების, მიწისქვეშა მაუწყებლობის, ეკონომიკური ბერკეტების ექსპლუატაციის, საიდუმლო სამხედრო ოპერაციების, მეამბოხე და ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერით.
"აქტიური ღონისძიებების" მთავარი ამოცანა - საბჭოთა კავშირის ოპონენტების დასუსტება და საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა
„აქტიური ღონისძიებების" განხორციელებაზე პასუხისმგებელი იყო კგბ-ს „სამსახური A" . საბჭოთა კავშირის პრაქტიკულად ყველა პარტიული და სახელმწიფო დაწესებულება ჩართული იყო დეზინფორმაციულ კამპანიებში. დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით სადაზვერვო სამსახურები იყენებდნენ გაზეთებს, რადიოსადგურებს და სხვა ოფიციალურ უწყებებს. მსგავს ოპერაციებში საბჭოთა კავშირის მოკავშირე იყო აღმოსავლეთ გერმანიის "Штази".
ცენტრალური სადაზვერვო სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, 80-იან წლებში საბჭოთა სპეცსამსახურების „აქტიური ღონისძიებების გატარების ხარჯებმა" დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საბჭოთა საიდუმლო სამსახურების მიერ „აქტიური ღონისძიებების" მომზადებისა და ჩატარების პროცედურა
1982 წლის 30 სექტემბერს კგბ-ს პირველმა მთავარმა განყოფილებამ გამოსცა ბრძანება დეზინფორმაციული ოპერაციის დაწყების შესახებ
1983 წლის 17 ივლისს ინდურ გაზეთ „პატრიოტში" გამოქვეყნდა „ცნობილი ამერიკელი მეცნიერის" ანონიმური წერილი, რომლის მიხედვითაც, არსებობდა საშიშროება, რომ ინდოეთში გავრცელებულიყო აივ - ვირუსი, მომაკვდინებელი სენი, რომელიც პენტაგონის საიდუმლო ექსპერიმენტის დროს, ახალი ბიოლოგიური იარაღის დამუშავების შედეგად შეიქმნა. „ანონიმი ავტორი" ამტკიცებდა, რომ აშშ ბიოლოგიური იარაღის ტესტირებას პაკისტანში გეგმავდა, რაც, თავის მხრივ, ინდოეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. „მეცნიერი" წერდა, რომ მიუხედავად ნიქსონის განცხადებებისა ბიოლოგიური იარაღის დამუშავების პროგრამების შემცირების შესახებ, პენტაგონი მაინც არ წყვეტდა ექსპერიმენტებს ამ მიმართულებით.
ოპერაცია INFECTION - "მეორე სუნთქვა"
1985 წელს საბჭოთა კავშირის ახალი ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „აქტიური ღონისძიებები" განახლდა. ამ ეტაპზე საზოგადოებაში შიდსთან დაკავშირებული პანიკა მნიშვნელოვნად იყო გაძლიერებული. მოსკოვს მშვენივრად ესმოდა, რომ კამპანიის წარმატებით განხორციელებითვის საჭირო იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში დეზინფორმაციის ხშირად გაჟღერება და საბჭოთა კავშირმა აქტიურად დაიწყო რადიოტრანსლაციები, ჭორების, პლაკატების, ბუკლეტების, ყალბი დოკუმენტების გავრცელება. საბჭოთა პროპაგანდისტებმა იდეები ჰომოსექსუალების ჟურნალებიდან ისესხეს (ზოგიერთი დოკუმენტი შეიცავდა „ამერიკელი" ჯარისკაცების პორნოგრაფიულ სცენებს). შიდსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდებოდა განვითარებადი ქვეყნების პრესაში. დეზინფორმაცია აიტაცეს ისეთმა სოლიდურმა გამოცემებმა, როგორიცაა ბრიტანული გამოცემები: Sunday Express და Daily Telegraph, რომლებიც ეყრდნობოდნენ პროფესორ სიგალის თეზისებს.


#შეცდომებიარმოსულა
"შეცდომები მოსულა", მაგრამ არა მაშინ, როცა საქმე სიცოცხლისთვის სახიფათო ვირუსის გავრცელებას ეხება, მით უფრო არც მაშინ, როცა ვირუსის შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიაში ყველა სახელმწიფო თუ პარტიული ორგანიზაცია ჩართულია და კამპანიის თითოეული ეტაპი მკაცრად კონტროლდება. გაზეთ "პატრიოტში" "ანონიმ ამერიკელ მეცნიერს" შეცდომა მოსდის, წერილში Flu Virus-ის ნაცვლად Virus Flu წერია. დეტექტივი ქ. ბეილი:
შეცდომა №2
სიგალის ნაშრომის მიხედვით, შიდსი წარმოადგენდა ვირუსების VISNA და HTLV-I -ის სინთეზს. სინამდვილეში, VISNA არის რეტროვირუსი, რომელის აინფიცირებს მხოლოდ ცხვრებს, HTLV-I კი იწვევს მხოლოდ ადამიანების დაავადებას ლეიკემიით. გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსები სტრუქტურულად და ფუნქციურად განსხვავდებიან, მათი ხელოვნურად სინთეზირება იმ პერიოდში შეუძლებელი იყო.
აღიარება
80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში შემაშფოთებლად გაიზარდა შიდსით დაავადებულთა რიცხვი. ხელისუფლებას სჭირდებოდა ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა სამეცნიერო მიღწევების, შიდსთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარების მიზნით. 1987 წლის 27 ოქტომბრის სამუშაო შეხვედრაზე მიხეილ გორბაჩოვმა ჯორჯ შულცესთან გამოთქვა მწუხარება საბჭოთა კავშირის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო. ამ შეხვედრის შემდეგ გაზეთში „Известия" მეცნიერებათა აკადემიამ გააკეთა შიდსის ხელოვნური წარმოშობის უარმყოფელი განცხადება, 1988 წელს კი გაზეთში „Советская Россия" რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ვადიმ პოკროვსკიმ განაცხადა, რომ არც ერთი საბჭოთა მეცნიერი არ აყენებს ეჭქვეშ შიდსის ბუნებრივ წარმოშობას.
რუსული პროპაგანდა დღეს
სავარაუდოდ, კგბ-ს აგენტები ჭკუას შეცდომებზე ვერ სწავლობენ, ან იმდენად დიდი ნოსტალგია აქვთ საბჭოთა კავშირის მიმართ, რომ უმძიმთ პროპაგანდის სხვა ტექნიკების დანერგვა. მათი სამიზნე ისევ და ისევ ამერიკის შეერთებული შტატებია, ხოლო მეთოდები - აშშ-ს დისკრედიტაციისკენ მიმართულ ბრძოლაში - იგივე. რუსეთის მთავარი სანიტარი, გენადი ონიშენკო მიიჩნევს, რომ ზიკას ვირუსის წარმოშობა უკავშირდება ლუგარის ლაბორატორიას, რაც აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, თითქოს, აშშ რუსეთის ირგვლივ ქმნიდეს საომარი-ბიოლოგიური ობიექტების მასშტაბურ ქსელს. თანამედროვე რუსული მედია ფორტ-დეტრიკს პენტაგონის მთავარ ლაბორატორიად მიიჩნევს, სადაც შიდსის გარდა ებოლას ვირუსი და სინთეზური ნარკოტიკი LSD შეიქმნა. (Novorus.info)


რუსეთის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში აქტუალობას არ კარგავს ლუგარის ლაბორატორიის თემა, რომელიც რუსული მედიის მიხედვით, ამერიკის საომარი-ბიოლოგიური ქსელის ნაწილია. პროპაგანდა ემსახურება საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და შიშის დანერგვას. ქართული კრემლისტური გამოცემები და რუსული მედია იყენებენ პროპაგანდის Ad Nauseam-ტექნიკას, რომელიც გულისხმობს ერთი და იმავე შინაარსის ინფორმაციის იმდენჯერ გამეორებას, სანამ მას ადამიანები არ დაიჯერებენ.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website